• # 2(6)

გალაკტიონ ტაბიძის პოემა „კლასობრივი ბრძოლა” ავტორის კრიტიკულ-ოპოზიციური თვალთახედვის კონტექსტში

ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელიც გალაკტიონის შემოქმედების შესწავლის დროს დღემდე რჩება აზრთა სხვადასხვაობის საგნად, სოციალისტური სინამდვილისადმი პოეტის დამოკიდებულების განსაზღვრაა. საბჭოთა პერიოდში დაწერილი თითქმის ყველა ნაშრომის ავტორი გალაკტიონის პოეზიის განსაკუთრებულ ღირსებად აღიარებდა იმ ფაქტს, რომ იგი სოციალისტური ყოფის განმადიდებელი პოეტი იყო. ამ თვალსაზრისის გადაფასება გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება. ამ მოვლენის განმაპირობებელ უმთავრეს ფაქტორად მის არქივში არსებული უცნობი ნაწარმოებების გამოქვეყნება და ძირითად ტექსტებში შეუტანელი ვარიანტების შესწავლა იქცა. პო­ე­მა “კლა­სობრი­ვი ბრძო­ლა” აღნიშნული თვალსაზრისით უაღრესად საინტერესო ნაწარმოებია, რომელშიც ხელისუფლების მიერ ძალადობრივი გზით განხორციელებული სოფლის კოლექტივიზაციის პროცესი და მის შედეგად შექმნილი მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულადაა წარმოსახული.