• # 2(8)

ტრანსცენდენტალური იდეალიზმი, როგორც სუბიექტური და სკეპტიკური იდეალიზმის გადალახვის მცდელობა “წმინდა გონების კრიტიკის“ მეორე გამოცემის მიხედვით

წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია კანტის მიერ იდეალიზმის უარყოფის (როგორცის მოცემულია „წმინდა გონების კრიტიკის“ მეორე გამოცემაში) რეკონსტრუქცია
და კანტის სისტემაში მისი ადგილის შეფასება. რატომ არის კანტისთვის სუბიექტური და სკეპტიკური იდეალიზმის უარყოფა აუცილებელი ტრანსცენდენტალური იდეალიზმის დასაფუძნებლად და რატომ მიიჩნევს ის მეორე გამოცემის „ნამდვილ დამატებად“ ფსიქოლოგიური იდეალიზმის უარყოფას? ამ შეკითხვებზე პასუხის ძირითადი წყაროა „ემპირიული აზროვნების პოსტულატები“, სადაც კანტი „იდეალიზმის უარყოფის“ სახელით ასაბუთებს ტრანსცენდენტალური
იდეალიზმის უპირატესობას იდეალიზმის სხვა ფორმებთან მიმართებაში. ეს ფორმებია დეკარტის „სკეპტიკური“ იდეალიზმი და ბერკლის „სუბიექტური“,
იდეალიზმი. ნაშრომში განხილულია შემდეგი საკითხები: ტრანსცენდენტალური იდეალიზმის მიმართება ემპირიულ და ტრანსცენდენტალურ რეალიზმთან; იდეალიზმის უარყოფა, როგორც ფილოსოფიის აუცილებელი ამოცანა კანტისთვის; ცდის ანალოგიები, როგორც იდეალიზმის უარყოფის ერთ- ერთი ძირითადი პოსტულატი; ნოუმენისა და ფენომენის ურთიერთმიმართების მნიშვნელობა, როგორც ტრანსცენდენტალური იდეალიზმის არგუმენტის გამყარების ცდა. ამ საკითხების განხილვა ემსახურება კანტისეული ტრანსცენდენტალური იდეალიზმის ნათელყოფას და მისი განსხვავების გამოკვეთას ყველა იმ თეორიისაგან, რომლისთვისაც სივრცე და დრო არა შემეცნების აპრიორული ფორმები, არამედ საგანთა თავისთავად ითვისებებია. ამრიგად წინამდებარე ნაშრომში კანტის კრიტიკული ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი ეპისტემოლოგიური საკითხის ანალიზი და კრიტიკა იქნება წარმოდგენილი.