სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711
სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711
ლიტერატურულ ნაწარმოებში ცენტრალური ადგილი ადამიანს ეთმობა. მწერლისათვის გამოსახვის მთავარი საგანი არის ადამიანი და მისი საზოგადოება. მხარულ ტექსტში მთავარი პერსონაჟის გვერდით არიან მეორეხარისხოვანი გმირები, რომლებიც სხვადასხვა დანიშნულებით შემოჰყავთ ხოლმე ავტორებს და მათ გარკვეულ (ხშირ შემთხვევაში, საკვანძო) ფუნქციებს აკისრებს. სტატიაში, შევეცდებით, ვაჩვენოთ, თუ როგორ ვითარდება მთავარი გმირის, ვირად ქცეული ლუციუსის ამბავი მთელ რომანში; რა სირთულეების გავლა უწევს მთავარ გმირს, სანამ პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება და რაც მთავარია, რა მიმართება აქვს მთავარ გმირს მეორეხარისხოვან პერსონაჟებთან. ეს უკანასკნელნი ხშირად გაუსაძლის მდგომარეობაში აგდებენ მთავარ გმირს, ლუციუსს, ზოგჯერ კი პირიქით, მის მიმართ შემწყნარებლურ უნარს და ემპათიის განცდასაც კი ავლენენ. ლუციუსის სირთულეებით სავსე თავგადასავალს მეორეხარისხოვანი პერსონაჟები კიდევ უფრო საინტერესოს ხდიან, წარმოგვიდგენენ მთავარ გმირს სხვადასხვა სიტუაციაში და გვაჩვენებენ მის სულიერ სიმტკიცესა და გაუტეხელეობას. მთავარ გმირთან ურთიერთმიმართების თვალსაზრისით აპულეიუსის რომანში მეორეხარისხოვანი პერსონაჟები ჯგუფდებიან გარკვეული ნიშნების/მახასიათებლების მიხედვით: მთავარ გმირში ინტერესის აღმძვრელი; უსახელო პერსონაჟები; პერსონაჟები, რომლებიც ხელს უწყობენ გმირს სასურველი მიზნის მიღწევაში; პერსონაჟები, რომლებიც ცხოველებისა და ფრინველების სახით არიან წარმოდგენილი და რომელთა სიმბოლური ნიშნები თუ მოქმედებანი მთავარ გმირს გარკვეული სახის, მისთვის საჭირო ინფორმაციას აწვდიან; პერსონაჟები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მთავარ გმირს; პესონაჟები, რომლებიც ძაბავენ სიუჟეტს; პერსონაჟები, რომელთაც ებრალებათ მთავარი გმირი... აღნიშნულ პერსონაჟებს, ცხადია, რომანში განსხვავებული ფუნქციები აკისრიათ, თუმცა მიზანი მაინც ერთია: მთავარი გმირის უკეთ წარმოჩენა, მისი ხასიათის გახსნა, მისი გამჭრიახი გონების ხაზგასმა და გმირის მიმართ მკითხველის სიმპათიის ან ანტიპათიის გამოვლენა.